ქართული კლასიკის სათაურებით ჩვენი დროის დრამა ავაწყვე, რომ კვლავაც ცოტა გაგახალისოთ,-წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
იყო დრო – ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ ერთად ვცხოვრობდით. მერე ოთხი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა და ილარიონი ცალკე გადავიდა იზოლაციაში. ეს ის დღე იყო – ,,ექვსი შინაბერას და ერთი მამაკაცის’’ კლასტერი კარანტინში რომ მოათავსეს. ეგ კი არა, ,,მესამე ძმა კეჟერაძეც’’ განმარტოვდა თავის დასაზღვევად და თან დაიბარა ,,ყოველმან ჩემმან მპოვენელმან’’, იცოდეთ, უძმებოდ ,,ჩაკლული სული’’ უფრო მქვიაო. ვერც ილარიონი იყო უკეთეს დღეში – ყბაჩას დააბარა, მარკეტ დიონიოსოში ორი კვირის სამყოფი ფქვილი მიყიდეო, მაგრამ რად გინდა – ,,ყბაჩამ დაიგვიანა’’. დაიგვიანა და რომ მოვიდა, უთხრა, დიდი რიგი იყო, ფქვილს ვერ მივუსწარი, ვერც სხვა რამე პროდუქტს და მხოლოდ ,,დიონისოს ღიმილი’’ მოგიტანეო. ატკივდა შიმშლისგან კუჭი, იფიქრა, სოფლის აქიმთან გადავალ, შემილოცავსო, მაგრამ გაახსენდა რომ ახლა მხოლოდ ,,შელოცვა რადიოთი’’ შეიძლებოდა – დისტანციურად. ღამით ისპენქციამ დაურეკა, ისევ ოთხი ხომ არ ხართო და ამანაც ,,ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამეო’’. ინსპექცია დაკმაყოფილდა. თან ილარიონიც და მისი კარის მეზობლები, ,,ოთარაანთ ქვრივი’’ და ,,სამანიშვილის დედინაცვალი’’ რისკ-ჯგუფში შედიოდნენ ასაკის გამო და მით უფრო ეკრძალებოდათ ეზოს დატოვება. დილით კიდევ უფრო ატკივდა კუჭი, იფიქრა, გზაზე მაინც დავუძახებ ვინმესო და ღობესთან მივიდა. ყოველთვის ხმაურიან შარაზე ამჯერად არავინ იდგა. მხოლოდ შორს, შორს, ისე რომ თვალს ძლივს მიაწვდენდი და ხმას მით უფრო – ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’’,- წერს კეკელიძე.