სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 9 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.
მისივე განცხადებით, პატრიარქს რაიმე სიმპტომი არ ჰქონია და ტესტირება პრევენციისთვის ჩატარდა.
ამ დროისთვის, საპატრიარქოში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილია თვითიზოლაციაში. მას ვირუსი 8 იანვარს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის 239 229 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 225 335, გარდაიცვალა 2 773 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 452, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 894 ადამიანი. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 746 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.