საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარუმატებლობის რეალური მიზეზი ის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც დღეს ქვეყანაშია.
„წააგეთ იმის გამო, რომ ლარის კურსი არის 2.70, ადამიანები გაღარიბდნენ, ხალხი ტრანსპორტის ფულს ვერ შოულობს. მედიკამენტები გაძვირდა, ეკონომიკა მიექანება უფსკრულისკენ. ვერც ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა, ვერ გადაჭერით.
მაშინ, როდესაც თქვენ ებრძოდით ავტორიტარიზმს, ჩამოყალიბდით ზუსტად ისეთივე ავტორიტარულ ძალად, როგორც არ მოგწონდათ წინა ცხრა წლის განმავლობაში.
წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანების კაპრიზებზე მოსიარულე ძალა, რომელმაც ისე გადაწყვიტა, ვინ შეერჩია საპრეზიდენტო კანდიდატად, რომ არც კი გკითხათ. რომელმაც ისე გადაწყვიტა მოეხსნა პრემიერ-მინისტრები, რომ არც კი გკითხათ. რომელიც ხვალ დადგება და ისე მოგისვრით აქედან, რომ არც კი გკითხავთ, ყოველივე ამას უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ“, _აღნიშნა კაპანაძემ.