იმერეთში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.
,,გურია ნიუსი” დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს, გოჩა გიორგიძეს დაუკავშირდა და დღესდღეობით არსებული, უახლესი ინფორმაციის შესახებ კომენტარი სთხოვა:
,,დღესდღეობით იმერეთში, საკარანტინო სივრცეში სულ გვყავს 432 ბინადარი. აქედან 26-საჩხერეში, 213-საირმეში, წყალტუბოში, სამხედრო სანატორიუმში-102, პლაზაში-91 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციაზე მყოფებს, სულ 303 მოქალაქე გვყავს, რომლებზეც ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი. გუშინ მოხდა 2 პირის გადაყვანა საირმიდან ჰოსპიტალში მათზე სამედიცინო მეთვალყურეობის დაწესების მიზნით და ლაბორატორიული კვლევების განსახორციელებლად.
ზოგადი მდგომარეობა იმერეთში მშვიდია, სტაბილურია. თუმცა მუდმივად ვართ ყველა პროცესის საქმის კურსში, რომ რაიმე ნიუანსი არ იქნეს უყურადღებოდ დატოვებული.
იმერეთის ლაბორატორიაში სულ 106 ტესტი გვაქვს გაკეთებული. მხოლოდ ერთი გვაქვს დადებითი ტესტი. ესპანეთიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტი, რომელიც იმყოფებოდა აჭარაში კარანტინში. მისი ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. საკმაოდ მწირი კონტაქტები ჰქონდა, ზუსტად იცავდა რეკომენდაციებს. ყველა კონტაქტზე გრძელდება მეთვალყურეობა. ინფიცირებული ამჟამად იტარებს მკურნალობას საჩხერის სტაციონარში.”