ინდოეთში, კორონავირუსის გამო დაკეტილი თაჯ-მაჰალის ტაძარი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში, მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს. პანდემიამდე კი, ტაძარს დღის განმავლობაში 70 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.
როგორც BBC წერს, ტაძარში შესვლისას სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა. ვიზიტორებს ბილეთების შეძენა ელექტრონულად შეეძლება. შემდეგ თერმოსკრინინგის გავლა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა მოუწევთ.
ინდოეთის ქალაქ აგარაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმი თაჯ-მაჰალი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ვიზიტორებისთვის 17 მარტს დაიხურა.
ტაძარი, რომელიც იუნესკოს ისტორიული ძეგლების მემკვიდრეობის სიაშია, ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს 6,5 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში COVID-19-ით 5,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 87 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინდოეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 30 იანვარს გამოვლინდა.