ინგოროყვას სახელობის კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტთან აქციისას დაშავებული პაციენტების შეყვანა ამ დრომდე გრძლედება. მისივე თქმით, სამ პაციენტს ოპერაცია უტარდება.
“სამი პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და ოპერაციები მიმდინარეობს, დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გავიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.