ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი “გურია ნიუსთან” საუბროს დროს ამბობს, რომ ეპიდვითარება ისევ არასტაბილურია. ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ოჯახურ კონტაქტებს და კოვიდრეგულაციების დარღვევებს უკავშირდება.
“მომართვიანობა საკმაოდ მაღალია კოვიდტესტების გასაკეთებლად და აქედან გამომდინარე დადასტურებებიც ბევრი გვაქვს. ბაღებში სიტუაცია ჯერჯერობით არ შეცვლილა. რაც შეეხება სკოლებს, 9 სკოლაში გვაქვს შემზღუდველი ღონისძიება, აქედან ორმეთის საჯარო სკოლა არის მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე. დანარჩენები ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზე არიან”,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11231 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10149 პაციენტი, გარდაცვლილია 84.
ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 998 შემთხვევა. პაციენტებიდან სტაციონარში 103, საკარანტინე სივრცეში 170, ბინაზე კი 725 მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 160 პირი.