პანდემიის გამო ოზურგეთის სასწავლო- სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსი როგორც პედაგოგებში, ასევე ბავშვებშია დაფიქსირებული. ვირუსის შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით კი რამდენიმე სკოლა ჰიბრიდულ სწავლების რეჟიმზეა გადაყვანილი, რამდენიმე ბაღი კი იზოლაციაში იმყოფება.
“ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაყვანილი გვყავს რამდენიმე სკოლა. მეოთხე საჯარო სკოლა სრულად გადავიდა დისტანცირებულ სწავლებაზე. ჰიბრიდული სწავლაა ოზურგეთის პირველ, მეორე საჯარო სკოლებში. გარდა ამისა ჰიბრიდული სწავლა ასევე კვირიკეთის, თხინვალის, ხრიალეთის, ბახვის, ქვემო ნატანების, შრომის, ციხისფერდის საჯარო სკოლებში.
რაც შეეხება ბაღებს, ცხემლისხიდის ბაღი 25 ოქტომბრიდან სრულად გვყავს გადაყვანილი იზოლაციურ რეჟიმზე. ქალაქის ნომერ 1-ელ, მე-4, მე-7, მე-9 ბაღები და ასევე ჭანიეთის ბავშვთა ბაღი საიზოლაციო რეჟიმზე გადავიყვანეთ 1 ნოემბრიდან 2 კვირით. ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება როგორც პედაგოგებში ასევე ბავშვებში და შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ ეს შემზღუდველი ღონისძიებები”,_ ამბობს სიმონიშვილი.