გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება.
2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ცნობისთვის, ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
CE – სატვირთო მისაბმელით;
DE – სამგზავრო მისაბმელით;
C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E – სამგზავრო მისაბმელით.
2. დაიწყება განცხადების მიღება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად
1-ლი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყება.
სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურება.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ხსენებული ნებართვები გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას