გურიაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2535 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, გარდაცვლილი – 15. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ სატელეფონო საუბრისას მიაწოდა.
ინფიცირების 2535 შემთხვევიდან 24 ნოემბრის მონაცემებით, გურია ნიუსისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციების თანახმად, სულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 550, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში- 384 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კი ოზურგეთშია გამოვლენილი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობას, 940 ადამიანიდან 330 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 176 – ჩოხატაურის, ხოლო 434 ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია.
გარდაცვალების 15 შემთხვევიდან 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 4 ლანჩხუთის, 10 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
რაც შეეხება ინფიცირებულ პირებს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, მკურნალობას გურიაში 1580 ადამიანი გადის. თვითიზოლაციაში კი 1 300 ადამიანია.
როგორც ნასარაიამ აღნიშნა, იზოლაციაში მყოფ პირებზე კონტროლი მიმდინარეობს.
„თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე კონტროლი ხორციელდება ცხელი ხაზით, ასევე ჩვენი თანამშრომლები რეკავენ და პოლიცია ჩართულია. თუ ვინმე დაარღვევს შესაბამისად მოხდება რეაგირება“,_ გვითხრა ნასარაიამ.