დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ანასეულის წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდა მისი მოადგილე, გიგა კაცია და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძე, რომელმაც სტუმრები წარუდგინა მასპინძლებს და რაკი თავადაც ანასეულის მკვიდრია, კონკრეტულად ისაუბრა წყლის დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემის შესახებ და თქვა, რომ ასე სახელოვანი ისტორიის მქონე ანასეული კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ უკვე მზად არის პროექტი და სამშენებლო სამუშაოები 2019 წელის შემოდგომაზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეასრულებს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მოეწყობა სათავე ნაგებობა, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურის და წყალგამანაწილებელი ქსელი.
დარბაზში ტაში მოჰყვა ცნობას იმის შესახებ, რომ წელიწადნახევარში ანასეულს 24-სათიანი წყალმომარაგება ექნება. თუმცა, მეცნიერმა ვალერიან ცანავამ განაცხადა, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ჰგონია, რომ ორი წელი მაინც დასჭირდება ამ საქმეს.
_ ორი წელიც რომ დასჭირდეს, იმაზეც თანახმა ვართ, რაც მთავარია, ეს საქმე დაიწყო და ყველას მადლობას გიხდით, _ მიმართა მან ცქიტიშვილს.
მინისტრმა ისაუბრა დაბა ლაითურისა და ურეკის შესახებ, სადაც კვლავ უწყლოდ არიან და რომ ურეკში ამის გამო, საკურორტო სეზონი ფერხდება.
_ მალე აქაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაბა ურეკს და მის დამსვენებლებს ექნებათ საშუალება, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნეთ. ასევე აშენდება გამწმენდი ნაგებობა. ჩვენ 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს, რაც უახლოეს მომავალში შესრულდება გურიაში, _ თქვა ცქიტიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა გურიის ახლად დანიშნული გუბერნატორი, ზურაბ ნასარია.
_ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროექტები, რაც გურიაში ხორციელდება. ერთად უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად. არ უნდა გამოგვრჩეს ის პრობლემები. რაც რაიონს და რეგიონს გააჩნია, _ თქვა ნასარაიამ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა, რის შესახებაც უახლოეს დროში ვესაუბრებით ჩვენს მკითხველებს.