მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიან სტუდენტებსა და ქართველებს შორის მომხდარ დაპირიპირებას და თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივას ეხმაურება:
„ნუ ხართ ზედმეტად გულაჩუყებულნი დანაშაულის წინაშე!
ერთხელ, 90-იანებში, შევარდნაძის სიბნელის და განუკითხაობის პერიოდში, გაქსუებული ქართველი მებაჟეები უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველებს რომ ძარცვავდნენ ხოლმე, ერთი ქართველი სტუდენტი მოგვიყვა, როგორ ჩავიდა პირველად ევროპიდან საქართველოში ერთი პირადი ჩემოდნით (როგორც დღესაც ვმოგზაურობთ ხოლმე თავისუფლად) და როგორ მოსთხოვა უსინდისო მებაჟემ ფული რაღაც გაურკვეველი და უკანონო გადასახადისთვის. ეს ქართველი კი ისე იყო დაბნეული და შეშინებული, რომ უთხოვია, ცოტა დამიკელიო. იმასაც უმნიშვნელოდ “დაუკლია” ბაჟი და ამას კი მადლობის ნიშნად სუვენირებიც უჩუქებია მებაჟისთვის. რომ ვკითხეთ, საჩუქრები რისთვისღა აჩუქე, ის ფული ხომ სულ ტყუილად წაგცინცლაო, გვითხრა, რა ვიცი, იმან ხომ მცა პატივი და მეც პატივიო ვეციო. აი, ესაა ხშირად ქართველების ყოვლად საზიზღარი და გაუგებარი პოზა; უკანონობაში თან რომ პატივისცემას და გულითადობას ვეძებთ. ამიტომაც, ზედმეტად მიმაჩნია რაღაც გულისამაჩუყებელი შერიგების და მეგობრობის საფეხბურთო მატჩები შავკანიან სტუდენტებთან. ასეთ საკითხებში იყავით პრაგმატულები და ცივსისხლიანები. მოხდა კანონდარღვევა? – შესაბამისად იმოქმედოს კანონმა! არ მომხდარა კანონდარღვევა? – მორჩით გულჩვილ საუბარს! ასე ჯობია!“ _ წერს დეკანოზი.