სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს. ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, ხელი შეუწყოს უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩორის ლავრა ჩამოერთვა:
‘”თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,
მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:
პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.
ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.
როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.
ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.
დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.
წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)
ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი” _ ნათქვამია წერილში.