,,არ არის საინტერესო გიჟი მანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
,,არ არის საინტერესო გიჟი მანტასის, თუ უკაცრავად ჟიგიმანტასის განცხადება. ჩემთვის მთავარია, რომ ლიტვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიტვასთან და ასე გავაგრძელებთ“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, რუსმა პრანკერებმა ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით დაურეკეს და ჩანაწერი “იუთუბზე” გამოაქვეყნეს.
გამოქვეყნებულ დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერში ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ახლა თავისი ომი აქვს ივანიშვილთან საქართველოში”.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის პირველივე დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს სოფელ პატარა ხურვალეთის შესასვლელთან გამართავს.