„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში.“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით.
„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის.
ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: მერაბ ცაავა