პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეურაცხმყოფელია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შესაძლო ჩართულობა ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.
მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაგდების პირასა და ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ“.
„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. მეორე მხრივ, ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.
მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.