,,მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მაკკალისტერთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადებები, რომელიც არის ბორელის, ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის განცხადებები, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.
აქედან გამომდინარე, მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს. მე მჯერა, იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.