,,პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა ევროკავშირისა და ევროკომისიის სახელით, გამორიცხავს ყველა სახის კითხვას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ „ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს“.
„დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებულები საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამოთ, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია და ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად, არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.