ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუტანის ზედა პალატის თავმჯდომარეს, სონამ კინგას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის და ამ მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჯიკო ლუვენთან გამართა.
მხარეები მაღალი დონის გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.