„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც, სხვა ქვეყნების ელჩები კი შეხვედრაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ.
შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. შეხვედრის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ყველა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.
„არის განსახილველი საკითხები, დაწყებული ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამთავრებული მიმდინარე პოლიტიკური თემებით, რომელთა ირგვლივაც განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირდა. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ განსხვავებული მოსაზრებების არსებობა იმასაც ნიშნავს, რომ საჭიროა კონსულტაციები, კომუნიკაცია და ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.