საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს, ჯიმს რიშს მოუწოდებს, საკუთარი შეხედულებები გადააფასოს, _ იუწყება ipn.ge.
„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს – ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“,– განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან.
რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.
„ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია“, – განაცხადა რიშმა.