„თანამდებობა, რომელიც ეკავა გიორგი მღებრიშვილს, არ არის პოლიტიკური თანამდებობა, აქედან გამომდინარე, იქ არის მთლიანად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი ის, თუ როგორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდება”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას.
„აქ პარლამენტის ჩარევის რესურსი არის, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, მინიმალური. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ის თუ რა სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდება ამ დონეზე. ეს არ არის პოლიტიკური დონე, შესაბამისად, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარები შეიძლება იყოს ზედმეტიც კი”,_ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი მიდგომაა, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული და რომელიც, კონსტიტუციური სისტემიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
„ჩემი მიდგომა არის ის, რომ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება დაკავებული, ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ეს უნდა იყოს, ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შეიქმნება მთავრობის ქვეშ და ამასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები მთავრობასთან. ანუ, ახალი სტრუქტურა ნამდვილად სჭირდება იმ სისტემას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ახალი კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში.
ეს უნდა იყოს აუცილებლად დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აუცილებლად მისი თავმჯდომარე, გამომდინარე იმ სისტემიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ვგულისხმობ კონსტიტუციურ სისტემას. ეს უნდა იყოს საკმაოდ მაღალი დონის ორგანო, რომელიც იქნება დაკავებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.