ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბონუსი სამართლებრივი თვალსაზრისით არ ფასდება ნეგატიურად და მისი უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე იქნება გარკვეული რეკომენდაცია.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება არ იქნება,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ თვითონ კომისიის სხდომაზეც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს ბონუსის ალტერნატიული ვარიანტი. ანუ, არც შიგნით, არც გარეთ, ბონუსი ნეგატიურად არ ფასდება სამართლებრივი თვალსაზრისით და არამარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება, იქნება გარკვეული რეკომენდაცია მეტი განსაზღვრულობის თაობაზე, ბონუსის უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვიმსჯელოთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბონუსთან დაკავშირებით გარკვეული ზღვრების დაწესება არ გამორიცხა.
„განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვრები. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად განსაზღვრული და ცხადი გახდება ბონუსის მოცულობა და შესაბამისად, დაცული იქნება მყარად, საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ეს არის ჩვენი მიდგომა,” -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.