პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფს უნდობლობას უცხადებს. მან მედიასთან ამისი მიზეზები განმარტა.
„თქვენ იცით როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან მიმართებით. ნდობას რომ არ იმსახურებს ეს გამომჟღავნდა სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავს, რომ ამ ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რაც მათი საჯარო განცხადებებით დასტურდება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება. ესაა კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს,“ _ აღნიშნა კობახიძემ.
ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წერილობითი დასკვნა სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.