გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა მდივანმა შეაქო საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის შესანიშნავი თანამშრომლობა.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეაქო საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის შესანიშნავი თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონში მდგრადი მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობის მხრივ. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა გაეროს ძლიერ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი მუშაობისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.