პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას.
შესაბამისი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა. მისი განცხადებით, თავის დროზე „რუსთავი 2“-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა ქიბარ ხალვაშის სახელით და მათ შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ოქრუაშვილს და არა მას.
ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი.
ზედელაშვილის თქმით, ხალვაშმა დოკუმენტის პირობა დაარღვია, რადგან ოქრუაშვილისთვის არ შეუთანხმებია ტელეკომპანიის წილის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის საკითხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 2016 წელს განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშმა იურიდიულად გაფორმებული შეთანხმება დაარღვია. ოქრუაშვილმა მაშინ 13 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ოქრუაშვილის თანახმად, მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან ხალვაშმა 2005-2010 წლებში ისესხა 7.7 მილიონი დოლარი წლიური 10%-ით. ოქრუაშვილის მტკიცებით, ამავე დოკუმენტით „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს გაყალბებულს უწოდებს.
19 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვთ სამი ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია.
წყარო: რადიო თავისუფლება

































































