აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან ირაკლი ოქრუაშვილს და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და ქვეყანაში მყოფ პოლიტპატიმრების რიცხვს ირაკლი ოქრუაშვილიც შეემატა.
„სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 20 ივნისს საღამოს 19:00 საათიდან დილის 06:30 საათამდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის პროსპექტზე კონსტიტუციურ უფლებებს მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.