ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ლოკომოტივსა” და “დინამო თბილისს” შორის 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრაში ირაკლი სიხარულიძისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
“ლოკომოტივის” თავდამსხმელმა 70-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – 1:1. ეს ირაკლი სიხარულიძის მიერ საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში საიუბილეო მე-100 გოლი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ იგი ეროვნულ ლიგაში (ადრე – უმაღლესი ლიგა) 2006 წლიდან თამაშობს და პირველი გოლი 16 წლის ასაკში თელავის “კახეთის” ფორმით გაიტანა. იყო “დინამო თბილისის”, “ვიტ ჯორჯიას”, რუსთავის “მეტალურგის”, ბათუმის “დინამოს”, “ზესტაფონის”, “სამტრედიას”, ბოლნისის “სიონის” მოთამაშე. 2017 წლიდან “ლოკომოტივში” ჩაირიცხა და ეროვნულ ლიგაში 25 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა კარიერა უცხოეთში გააგრძელა. ჯერ ჩეხურ “სლოვაცკოში“, მერე კი ლატვიურ “რიგასში” ჩაირიცხა, თუმცა 2019 წელს ისევ “ლოკომოტივში” დაბრუნდა. 2017 წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში მიიწვიეს, სადაც 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
სიხარულიძე იმ იშვიათ მოთამაშეთა შორის მოხვდა, რომელმაც 100-გოლიანი ბარიერი გადალახა. უდავო ლიდერი კი დღემდე ზურაბ იონანიძეა (216 გოლი). 2009 წელს იგი გახდა უმაღლესი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიითვალა 200 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში.