ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა მხატვრის, ოზურგეთელის ირაკლი თოიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა შედგა.
ლია ურუშაძე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ფონდების განყოფილების გამგე: ირაკლი არის ოზურგეთის სამხატვრო სკოლის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული და მის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდაა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკული ფაკულტეტი. არის არაერთ პრესტიჟული – მათ შორის, საერთაშორისო გამოფენის კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. ის ახლა მუშაობს თბილისში ერთ-ერთ ცნობილ სარეკლამო სააგენტოში მხატვარ-დიზაინერად.
დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს გამოფენა არის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი სტუდია-სახელოსნოს “GURIA ART “ პროექტ “პირველი ნაბიჯის“ მნიშვნელოვანი ღონისძიება.
ამ ეტაპზე ირაკლიმ 34 ნამუშევარი (გრაფიკა) შექმნა და აქედან 10 ნახატი ცენტრის ფონდში დარჩება“.
მხატვარი ირაკლი თოიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო პროექტში მონაწილეობა, მაგრამ უარი არ უთქვამს მხატვარ ავთანდილ თავართქილაძის შემოთავაზებაზე.
“ძალიან მისასალმებელია, ახალგაზრდა მხატვრებს გვეძლევა ასეთი საშუალება. მიხარია ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მშობლიურ ქალაქში გაიმართა და ყველას მადლობა მობრძანებისთვის. მხატვარ ავთანდილ თავართქილაძის დიდი ძალისხმევით და დახმარებით შევქმენი გრაფიკული ნამუშევრები. რადგან გურიაში კეთდებოდა ეს გამოფენა თემატიკა ჩემს მშობლიურ კუთხეს მივუძღვენი“, _ გვითხრა ირაკლიმ თოიძემ.
გამოფენაზე გახდა ცნობილი, რომ “პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში არაერთი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა არის დაგეგმილი.