პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კახი კალაძე ეხმაურება. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო ემოციური, თუმცა მას მისი „ესმის“.
კალაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები პრეზიდენტის განცხადებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად, საბოლოოდ უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც იქნება გამართული.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დღეს გამართავს და სადაც სწორედ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იქნება საუბარი, კახი კალაძე ამბობს, რომ ვის შეხვდება გიორგი მარგველაშვილი მისთვის საინტერესო არ არის.
„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს კომისია საბოლოოდ.
პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.
“ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე.
ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი, რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც იცის ეს საქმე და
დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი და მიღებული, იქნება ძალიან გამართული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: რუსთავი 2