ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებმა 17 ოქტომბერს, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და არდაბილის პროვინციებში სამდღიანი სამხედრო წვრთნები, სახელად “ძლიერი ირანი” დაიწყეს.
წვრთნები, რომლებიც ტარდება არასის რეგიონში, ირანის ჩრდილო–დასავლეთით, ესაზღვრება არდაბილისა და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონებს.
ბრიგადის გენერალმა მოჰამედ პაკპურმა, IRGC-ს სახმელეთო ძალების მეთაურმა, განაცხადა, რომ წვრთნები მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და მეზობელი ქვეყნებისთვის მეგობრობისა და მშვიდობის გზავნილის გადაცემას.
მეთაურის თქმით, წვრთნები მოიცავს შვეულმფრენის და პარაშუტით ხტომის მისიებს, ღამის დარტყმებს, მტრის გზებისა და ბორცვების აღებას, აგრეთვე საბრძოლო შვეულმფრენების და თვითმფრინავების გამოყენებას თვითმკვლელი დრონების გარდა.
ეს არ არის პირველი დიდი წვრთნები, რომელიც ირანმა ჩაატარა ბოლო თვეებში, რათა გაზარდოს მზადყოფნა და გააძლიეროს ისლამური რესპუბლიკის მტრის საფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობები.
ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 17 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნებს მართავს, რათა ბაქოს დაემუქროს, სავარაუდოდ, ისრაელის დაზვერვის აგენტების ქვეყანაში მიღებისთვის.
,,RGC სამხედრო წვრთნებით ახდენს დემონსტრაციას, რომ აზერბაიჯანზე და მის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია. სამხედრო წვრთნებში გამოყენებულია არტილერია, ვერტმფრენები, ტანკები და რაკეტები. ამას გარდა, IRGC-ში გამოაცხადეს აზერბაიჯანისა და ირანის გამყოფ მდინარეზე ხიდის გადების წვრთნებიც, რაც ამ ვარჯიშების ფარგლებში პირველად ხდება. რევოლუციური გვარდია სამხედრო წვრთნებში იყენებს Fateh-360-ის ტიპის მოკლე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა რადიუსი, ირანის მტკიცებით, 120 კილომეტრია. IRGC-სთან კავშირში მყოფ მედიაში ტრაბახით აღნიშნეს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ ეს რაკეტები აქამდე ერაყის ქურთისტანის რეგიონში გამოიყენა.“ – წერს ანგარიშში ISW.
ავტორი