ირანის საიდუმლო სამსახურებმა მოიპარეს “რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის რეზა ჰაგიგათნეჯადის ცხედარი, რაც ხელს უშლის მის დაკრძალვას. ამის შესახებ radiosvoboda წერს.
45 წლის ჟურნალისტი ჰაგიგათნეჯადი 17 ოქტომბერს სიმსივნით გარდაიცვალა ბერლინის ჰოსპიტალში ,,ჩარიტეში“, ხოლო მისი ცხედარი 25 ოქტომბერს ირანში გადაასვენეს დასაკრძალად.
თუმცა, წყაროებმა “რადიო თავისუფლების” “ რადიო ფარდას”, სადაც ჰაგიგათნეჯადი 2019 წლიდან მუშაობდა განუცხადეს, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) აგენტებმა ცხედარი დააკავეს და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.
როგორც გამოცემა წერს, ახლობლებმა და მეგობრებმა “რადიო ფარდას” განუცხადეს, რომ საჭირო ნებართვა გაცემულია ჰაგიგათნეჯადის დასაკრძალად მის სამშობლოში, სამხრეთ ირანის ქალაქ შირაზში.
რადიო ფარდამ, ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ჟურნალისტის ოჯახზე, რათა დათანხმდნენ მის ქალაქგარეთ, სხვა სასაფლაოზე დაკრძალვას.
ირანის ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
რეზა ჰაგიგათნეჯადი იყო ცნობილი ანალიტიკოსი და პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც მუშაობდა სპარსულენოვან მედიასთან ირანში და მის ფარგლებს გარეთ. მან ჟურნალისტად მუშაობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და ადგილობრივ ირანულ მედიაში 2012 წლამდე მუშაობდა.
ჟურნალისტმა ირანი მედიაზე გაზრდილი ზეწოლის ფონზე დატოვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპარსულენოვან მედიასაშუალებებთან დაიწყო თანამშრომლობა. სამშობლოში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ვეღარ დაბრუნდა.
ჰაგიგათნეჯადი 2019 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა რადიო ფარდაში რედაქტორად.
ავტორი