საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალ კვლევაში, რომელიც 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის რუსეთისადმი არსებული განწყობებიც შეამოწმა.
კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მოსახლეობის 48% სრულად უჭერს მხარს, 26% – ნაწილობრივ. რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგი 12%-ია, ნაწილობრივ წინააღმდეგი კი – 9%.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს 46% უჭერდა.
ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წლის ოქტომბერში იყო და 84%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ყოველ მომდევნო კვლევაში მაჩვენელი ნელნელა იკლებდა, თუმცა 2012 წლის ნოემბერში კვლავ საგრძნობლად გაიზარდა და მაშინ 83% შეადგინდა. 2012 წლის ნოემბრის შემდეგ, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მაჩვენებელი კლებადია.
კითხვაზე, როგორ აფასებენ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას, 24% ამბობს, რომ ძალიან უარყოფითად, 32% – ნაწილობრივ უარყოფითად, 7% დადებითად აფასებს, ხოლო 27% – ნაწილობრივ დადებითად.
შეკითხვაზე “საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ფონზე, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში ცხოვრებისას?” 11% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, 33% ნაწილობრივ დაუცველად, 16% ძალიან დაცულად გრძნობს თავს, ხოლო 36% – მეტნაკლებად დაცულად.
ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი კვლავ გრძელდება. ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
15% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება, განახლდეს, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ დასრულებულია.
შეკითხვაზე, “როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?”, 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.
მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები.
კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.