ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ყველას მოუწოდა, გააგრძელონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული ორგანოების რეკომენდაციების შესრულება.
„ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, სხვაგანაც შეიძლება მოხდეს, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომებს არ შევასრულებთ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასაწყისიდან ითხოვს. ვაქცინები პასუხის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პასუხი“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 151 803 822 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 186 538 ადამიანი გარდაიცვალა.