შობა-კალანდის დღეები განსაკუთრებით ხალისიანი და დატვირთულია გურიაში.
ოზურგეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პროექტის ფარგლებში „ხანდაზმული ბიბლიოთეკარები“, ქალაქის და სასოფლო ბიბლიოთეკების ყოფილ თანამშრომლებს, რომელთა ასაკი 75 წელს ზემოთაა, საახალწლო ნობათები გადასცა.
_ძალიან გაგვიხარდა. ჩვენ მუდამ თავდადებით, პასუხისმგებლობით ვემსახურებოდით უდიდეს საქმეს, განათლებას. წიგნიერი ადამიანი მუდამ საიმედოა. თუ ვიღაცას ახსოვხარ შენი გაკეთებული საქმის გამო, ესე იგი, სწორად და კარგად გიცხოვრია. მეც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ დაგვივიწყა. დამდეგ კალანდას ვულოცავ ჩემს გურულებს, მთელ საქართველოს, _ გვითხრა სოფელ ბახვის ყოფილმა ბიბლიოთეკარმა ლამარა ცეცხლაძემ.
_როგორც ბავშვებს, ისე გაუხარდათ ეს ყურადღება. ცრემლიანი სიხარულის მოწმეც გავხდით, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ სოფელ მერიის მოქმედი ბიბლიოთეკარი მზევინარ ხომერიკი.
_35 ბიბლიოთეკარს, რომელთა ასაკი 75 წელს ზემოთაა და ცხოვრების დიდი ნაწილი ბიბლიოთეკებში მუშაობას შეალიეს, ჩვენ მცირედით გავუხალისეთ ეს დღეები და სიხარული მივანიჭეთ. საახალწლო საჩუქარი-კომპლექტი სასურსათო პროდუქტისგან, მათ შორის, ტკბილეულით, შედგებოდა. ძალიან გაუხარდათ. ზოგადად, ადამიანს პატარა სიხარული ჰყოფნის. მით უფრო ასაკში და ისინი მუდამ უნდა გვახსოვდეს. ბიბლიოთეკარები, რომლებიც ათეულობით წლების მანძილზე თაობების წიგნიერების საქმეს ემსახურებოდნენ. ისინი თავს მხნედ სწორედ ამიტომ გრძნობენ. ჩვენ ასაკოვანი განათლებულების მარად ახალგაზრდა სიცოცხლე უნდა დავინახოთ და მივაგოთ პატივი თბილი ჟესტით. მათ არც ტკბილეული აკლიათ, არც საკვები, უბრალოდ, ყურადღება, მოკითხვა ანიჭებთ უდიდეს სიხარულს, _ გვითხრა ოზურგეთის საქალაქო ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ.
ქალბატონმა ლიკამ აღნიშნა, რომ საჩუქრისთვის თანხა ბიბლიოთეკის ბიუჯეტიდან გაიღეს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში.