ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გახორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრი, სალი ჯონსი, ცნობილი როგორც „თეთრი ქვრივი“ 12 წლის ვაჟთან ერთად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
THE SUN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახური აცხადებდა, რომ ჯონსი სირია-ერაყის საზღვართან ივნისში გახორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა, თუმცა პენტაგონმა ჯონსის მკვლელობის დადასტურება ვერ შეძლო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჯონსი, ყოფილი პანკი მუსიკოსი, გრინვიჩში დაიბადა მაგრამ მოგვიანებით საცხოვრებლად კენტში გადავიდა.
2013 წელს კი ისლამი მიიღო და დიდი ბრიტანეთიდან სირიაში გაემგზავრა, რომ თავის ქმარს და ბიძაშვილს, ჯუნეიდ ჰუსეინს შეერთებოდა.
როგორც ცნობილია, ჰუსეინი ავიაიერიშის დროს 2015 წელს დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჯონსს და ჰუსეინს დიდ ბრიტანეთში თავდასხმის განსახორციელებლად ექსტრემისტების გადაბირებაში ადანაშაულებდნენ.
გაერომ ჯონსს სანქციები დაუწესა, რაც მგზავრობის აკრძალვასაც ითვალისწინებდა.
როგორც ცნობილია, ჯონსი სოციალურ მედიას იყენებდა, რომ ქალები „ისლამურ სახელმწიფოში“ გაეწევრიანებინა და სირიაში გამგზავრების რჩევა მიეცა.
საგარეო საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.
თავდაცვის სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ჯონსი ჰუსეინთან და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან კავშირის გამო მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენდა.
„დარწმუნებულები არ ვართ, რომ ჯონსი თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მაგრამ ვაჟი იმ ასაკის იყო,რაც მებრძოლად კლასიფიცირებას გულისხმობდა“_ამბობს ის.