„ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში!
მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) “შესაჩერებლად” რკინის მინი-კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ფაქტია, შესაბამისმა უწყებებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე”,_აღნიშნულ ინფორმაციას და ვარაზისხევში გადაღებულ ფოტოებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია აქვეყნებს.
„გურია ნიუსი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ვარაზისხევში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის შესახებ ნებართვის არსებობა დაგვიდასტურეს.
„სამწუხაროდ, ხევში მშენებლობების შესახებ ნებართვები დიდი ხნით ადრე არის გაცემული და ჩვენ ვერ გავაუქმეთ. ყველანაირი საბუთი და დოკუმენტაცია მათ წესრიგში აქვთ. რაც შეეხება ხეობის საკითხს, რადგან მშენებლობა მიმდინარეობს მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მოაწესრიგონ სიტუაცია, უსაფრთხოება იყოს დაცული და გააკეთეს კოლექტორი“, _ამბობენ მერიაში.