ნაპოლიში, ვია ტოლედოზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 20 წლის ტურისტზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გენუელი ტურისტი ბარში შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა. საპირფარეშოდან გამოსვლისას მას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, ძალის გამოყენებით მოეხვია, გადაადგილების საშუალება შეუზღუდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
დაზარალებულმა მომხდარის შესახებ შეყვარებულს შეატყობინა, რის შემდეგაც წყვილმა თავდამსხმელს ქუჩაში გაჰყვა და დახმარებისთვის ადგილზე პატრულირებულ მუნიციპალურ პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზევე შეაჩერეს და მისი იდენტიფიცირება მოახდინეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს სექსუალური ძალადობის მუხლით ოფიციალური ბრალი წარედგინა.
ცნობილია, რომ 29 წლის მამაკაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება და წარსულში ნასამართლევი არ არის.







































































