იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ ქართველ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში დაუდგინდა კორონავირუსი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან. ცოტა ხნის წინ დამთავრდა შეხვედრა იტალიის ელჩთან,სადაც მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართველი პაციენტი მკურნალობას გადის რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან, საიდანაც მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომ ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.
“ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, პოზიტიური გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რათქმაუნდა ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.