ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.
„თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?“, – იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რაზეც ჰარცელი პასუხობს:
„ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის“, – განაცხადა დიპლომატმა.
კითხვაზე, უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ელჩი პასუხობს, რომ მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვა და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირისა და ნებისმიერი დემოკრატიის ძირითადი ღირებულებებია.