სამდღიანმა გადაუღებელმა თოვამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისში, წოდორეთში, მუხათწყაროში და მიმდებარე სოფლებში პრობლემები შექმნა. ამ დილით თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ზოგან კი უფრო მეტს. ამ დროისთვის აღნიშნული სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია, _ “გურია ნიუსი” ამის შესახებ უკვე წერდა.
“გურია ნიუსი” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და კითხა, თუ როდის მოხდება აღნიშნული გზის გაწმენდა და რა კეთდება ამ დროისთვის.
მერიის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე გვიპასუხეს, რომ “მცხეთის მუმიციპალიტეტის მასშტაბით უწყვეტ რეჟში მიმდინარეობას გზების გაწმენდითი სამუშაოები. შეგიძლიათ ინფორმაციები იხილოთ ჩვენს გვერდზეც”, თუმცა, მათ მიერ მოწოდებული ლინკები 20-22 საათის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეიცავს.
ამ დროისთვის კი ამ სოფლებში გზა საერთოდ არ გაწმენდილა, გზებზე მარილი არაა დაყრილი, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, გზებზე თოვლში გაჩხერილი ავტომანქანებია მიმოფანტული.
როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ამ წუთებში გუბერნატორი და მცხეთის მერი ლისის მიმდებარე სოფლებში იმყოფებიან და ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა, ჩვენი გადამღები ჯგუფი დილიდან სოფელ ლისში იმყოფება, სადაც, ჯერჯერობით, გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა, მოსახლეობა კი საკუთარი ძალებით ცდილობს გზის გაწმენდას.