საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის ახალი ოფისის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. თეა წულუკიანმა საოფისე სივრცე და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის თანამშრომლების შვილებისთვის შენდება.
საჯარო რეესტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც კორპორატიული საბავშვო ბაღი ექნება. ეს ნოვაცია რეესტრის თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.
ახალი ოფისი გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარეობს. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრს შეადგენს. ახალ ოფისში, სამუშაო ოთახებისა და საბავშვო ბაღის გარდა, იქნება სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად, ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და სხვა. ის სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის − ეს ის პრიორიტეტია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებები ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი მშენებლობების პროცესში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები, თანამედროვე სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებისა და მშენებლობის ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტაქშენი“ აწარმოებდა. კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე შიდა და ფასადის მოწყობის, მოპირკეთების, ელექტროობისა და სუსტი დენების სამონტაჟო და გათბობა-კონდიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთაც, ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები − შპს „დაგი“, შპს „მონტაჟ ჯორჯია“ და შპს „თბილი სახლი“ − აწარმოებენ. მშენებლობის ბოლო ეტაპის, გარეგანათებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდგომ შენობა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება და საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის 1000-ზე მეტი თანამშრომელი 2020 წლის მაისისთვის ახალ შენობაში გადავა.
დღეისათვის საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები თბილისში სამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობენ (აღმაშენებლის გამზირი №89/24, წმ. ნიკოლოზის №2 და თბილისის იუსტიციის სახლი). მათი გადასვლა ერთ თანამედროვე კეთილმოწყობილ სივრცეში მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ თუ ტრანსპორტირების დანახარჯებს, გაზრდის სამუშაოს ეფექტიანობას და დაზოგავს თანამშრომელთა დროს.