„საზოგადოებამ ოდიოზურ მოსამართლეებს უარი უთხრა და „ქართული ოცნება“ ვალდებულია, რომ ხალხის პოზიცია გაიზიაროს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ.
ქანთარია მიიჩნევს, რომ მოსამართლეები, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, თანამდებობებს უნდა ჩამოშორდნენ.
„მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, სასამართლო სისტემაში საქმეებს არ უნდა განაგებდნენ. ამიტომ პარლამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით სიღრმისეული მსჯელობა გვექნება“, _ ამბობს ქანთარია.
კითხვაზე, უნდა გადადგნენ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები?_ ქანთარია გვპასუხობს, რომ „იუსტიციის საბჭოს აფეთქება კარგს არაფერს მოიტანს“.
„ახლა იუსტიციის საბჭოს აფეთქება კარგს არაფერს მოიტანს, თუმცა თუკი რომელიმე პიროვნება თავისი წარსულით გარკვეულ ეჭვებს ბადებს, ბუნებრივია, მისი ჩანაცვლება ახალი, კომპეტენტური მოსამართლით უნდა მოხდეს. მოსამართლეებთან დაკავშირებით ბიძინა ვანიშვილის გადაწყვეტილება ისეთია, როგორსაც პარლამენტი მიიღებს. სიათან დაკავშირებით ყველა დეპუტატი საკუთარ პასუხისმგებლობას აიღებს“,_ აღნიშნა ქანთარიამ.