საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ტემპი არ არის საკმარისი, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. ამიტომ თვის განმავლობაშ ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რათა ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს.
„თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ, საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება როგორმე მოვახერხოთ და მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.