,,ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში დაადასტურა, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ლობისტია.
კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების უმრავლეს ნაწილში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ბიძინა ივანიშვილს ხიბლავს. მისი თქმით, მარიხუანას კულტივაცია ქვეყანას ერთი ან ორი მილიარდი დოლარის სარგებელს მოუტანს.
_ სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების მიზნით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით“, _ ამბობს ივანიშვილი.
მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი არ ხიბლავს და მასში საფრთხეებს ხედავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ექსპერტი ბიძინა ივანიშვილზე აცხადებს, რომ იგი კანონპროექტისგან მომდინარე საფრთხეებს ვერ აანალიზებს.
_ ეს იქნება დიდი შეცდომა. დაულაგებელ, მოუწყობელ ქვეყანაში, სადაც სიღარიბეში იხრჩობა ქვეყანა, სადაც განათლება, მეცნიერება მძიმე მდგომარეობაშია, სოციალური ფონი მძიმეა და ინსტიტუტები დალაგებული არ არის, მარიხუანას კულტივაციაზე წვდომა ექნება იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულია, ბუნებრივია, ეს არ იქნება ღია ბაზარი, ამიტომ საშიშროება იქმნება კლანების გამოჩენის.
ბატონი ბიძინას ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მას არ უნდა გაიგოს პრობლემის არსი, საქმე რაშია, იცით? როცა სახელმწიფოში ასეთი კლანები გაჩნდება, იქ ვერც განათლება განვითარდება და ვერც ინსტიტუტების სრულყოფა მოხდება.
ერთი და ორი მილიონი შეიძლება კარგად ჟღერს, მაგრამ საქართველოს პრობლემას წყვეტს შიდა განვითარება და პოლიტიკური პროცესები“, _ განაცხადა გიორხელიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე გუშინ ისაუბრა.