გარწმუნებთ, ხელისუფლება მხედველობაში არ მიიღებს ჩანაწერებს და იმას, რაც იკადრა ბიზნესმენმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილი ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც კანონი მოითხოვს და როგორც ეკუთვნის ბიუჯეტს.
„ეს დამოკიდებულება ბიზნესმენმა აუცილებლად უნდა გვაჩვენოს. თუ ასე მოხდება, გარწმუნებთ, პასუხი ადეკვატური იქნება. არავითარი პრობლემა არ არის. დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს და კიდევ გადავადებას ითხოვდნენ. მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, რომ დავალიანების შემცირებას დაიწყებდა, პირიქით, დავალიანება მუდმივად იზრდებოდა და არაფერი შემცირებულა.
ჟურნალისტების ადგილზე, დავსვამდი კითხვებს, როგორ მოახერხა ამ კომპანიამ ხელისუფლებასთან თემების დალაგება მაშინ როცა, ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა დავალიანების არგადახდა და ეს ვალები იყო მუდმივად ზრდადი და არა კლებადი. ჩემი აზრით, ეს კითხვა უფრო ლეგიტიმურია. როგორც ვიცი, მას კიდევ აქვს სხვა ბიზნესი. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არის სამშენებლო, თუ მანქანების ბიზნესი.
ეს კაცი არ არის ღარიბი. იმასაც თუ გავიხსენებ, რაზეც დადიოდნენ ჩემთან ის და ლევან ყიფიანი, რამხელა პროექტს ვაკეთებდი, როგორ დახმარებას ვუწევდი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ბიზნესი განვითარებულიყო საქართველოში, მან საკმაოდ ძვირად გაყიდა გარეთ. ეს კაცი არ არის ღარიბი. ეს არ არის ჩემი ფული. კეთილი ინებოს და დავალიანება გადაიხადოს. პენსიონერებს პენსია სჭირდებათ, ჯარს ხელფასი და ა.შ. ეს არის ბიუჯეტის ფული. ამ საკითხზე სხვანაირი დამოკიდებულების უფლება აქვს კი ხელისუფალს? მე აქ უფრო მეტი კითხვები მიჩნდება.
თანავუგრძნობ „იბერიას“ ჟურნალისტებს. მე ეს ორჯერ მაქვს გაკეთებული, მე სხვა ხელწერით გავაკეთე, მაგრამ ეს ხელწერაც არ იყო ლამაზი. მე ხელფასი გადავუხადე, წინმსწრებად გავაფრთხილე ყველა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდად მიხსენებენ ჟურნალისტები და თქვენც შემახსენეთ ახლა, სანამ დაიწყებოდა გადაცემა. მე ამაზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. არ არის კარგი, როდესაც დააფუძნებ და მერე დახურავ. როგორ კულტურულად და წესების დაცვითაც არ უნდა მოიქცე, ეს ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში კიდევ ძალიან ცუდია, როგორც თქვენ შემთხვევაში განვითარდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.