„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია.
„მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ.
ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.
„ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.