“ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. მართლმადიდებლურ საპარლამენტო ანსამბლეას დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში” – ასე შეაფასეს რესპუბლიკელებმა 20 ივნისის აქციის დარბევა.
რესპუბლიკური პარტია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
“მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები. სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს“, _ ნათქვამია განცხადებაში.