17 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი და წარმატებული, მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგი, ღირსეული პიროვნება, მერი გიორგიძე გაიხსენეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საღამო გახსნა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე მოგონებებით გამოვიდა შეხვედრის ორგანიზატორი და ინიციატორი, მერი გიორგიძის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და გამორჩეულად ერთგული მეგობარი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, რომლის ავტორობით გამოიცა წიგნი ,,მერი მასწავლებელი” (რედაქტორი ზაურ ნაჭყებია) .
წიგნის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ მერი გიორგიძის ახლობლები, ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები, მისი ნიჭის თაყვანისმცემლები, ყოფილი მოსწავლეები, რითაც კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს უსაყვარლესი ქალბატონის ნათელ ხსოვნას. წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ის უკვე მიიღო მკითხველმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუვიწყარია მერი მასწავლებლის ღვაწლი და ამაგი ხარაგაულში არამარტო მომავალი თაობის სწავლა- განათლების საქმეში, რომელსაც იგი ერთგულად, მრავალი წლის განმავლობაში ემსახურა, არამედ უშუალოდ ხარაგაულის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
,, იგი იყო ადამიანთმოყვარე, კეთილშობილებით სავსე, უაღრესად მეგობრული და განსაკუთრებული ერუდიციის მქონე პიროვნება, რომელიც უპირველესად გასცემდა თავის ცოდნას და გამოცდილებას მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა.”- დასძინა გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის” რედაქტორმა, ეკა შავიძემ. შეხვედრამ ძალზე თბილ, ღიმილიან და ცრემლნარევი მოგონებებით გაჯერებულ გარემოში ჩაიარა. დარბაზმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს, იზა ვეფხვაძეს, რომელმაც შეძლო, უკვდავეყო მერი გიორგიძის ნათელი ხსოვნა.
ავტორი