იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ინფიცირების რისკი გარკვეულწილად იზრდება და ამიტომ, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადის ტარებაზე უარის თქმა არ შეიძლება.
„ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ინფიცირების რისკი, გარკვეულწილად, იზრდება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ორჯერადი დოზა. მეტიც, მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირა უნდა გავიდეს, რომ ადამიანმა სრული იმუნიტეტი მიიღოს. შესაბამისად, თუ თქვენ მეორე დოზას იკეთებთ, სასურველია, რომ ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად დაიცვათ თავი. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადის ტარებაზე უარის თქმა არ შეიძლება. არა მარტო პირველი, არამედ მეორე დოზის გაკეთების შემდეგაც პირბადის ტარების ვალდებულება ჯერჯერობით ქვეყანაში არავის მოუხსნია. დიახ, ვაქცინა გვიცავს, მაგრამ ვაქცინაციასთან ერთად პირბადის ტარება უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149 191-მა ადამიანმა გაიკეთა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.